საქართველოს მზადყოფნა კორონავირუსისთვის - პირველ ეტაპზე 5 კლინიკა და 420 საწოლი

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა,სახელმწიფომ ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნის გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით კორონავირუსთან საბრძოლველად პირველ ეტაპზე მობილიზებულია ხუთი  საავადმყოფო, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ  პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 ათას ლარს გამოყოფს

14 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს 50 წლის  მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ცერცვაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრაზე შეათანხმეს ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო გეგმა. პირველ ეტაპზე ხუთ  კლინიკასთან მოხდა შეთანხმება და ისინი ხვალიდან, 15 მარტიდან 420 საწოლს გაათავისუფლებენ პაციენტებისთვის. ამ კლინიკებიდან ოთხი სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია.

„გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა: ინფექციური საავადმყოფო, მთლიანად დაიცლება საუნივერსიტეტო კლინიკა და რესპუბლიკური საავადმყოფო. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, იქ კარანტინში მყოფი პაციენტები გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და გორის ჰოსპიტალი. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დამატებით გამოიყოფა 11 საწოლი", — განაცხადა ცერცვაძემ. 
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის არ დგას ამ კლინიკების გამოყენების საჭიროება, თუმცა, სახელმწიფომ ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა,  არსებობს ასევე დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიღწეულია შეთანხმება კერძო სექტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ოთხი კლინიკა, ჯამში 3,6 ათასი საწოლით გამოთავისუფლდება.

„შემუშავებულია გეგმა B. მოხდა წინასწარი შეთანხმება, რომ დიდი საავადმყოფოების ქსელში, როგორებიც არის - „ევექსი“, „ავერსი“, „პსპ-ს“ ქსელი, „ნიუ ჰოსპიტალი“, ღუდუშაურის საავადმყოფო და სხვები,  გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3,6 ათას ადგილს და მოთხოვნიდან ორ დღეში ეს ადგილები დაიცლება“, -განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, არსებობს ასევე გეგმა C, როდესაც კერძო სექტორი კიდევ დამატებით 3, 6 ათას საწოლს გამოათავისუფლებს.

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად  შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.