თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-თებერვალში 597,5 ათას მგზავრს მოემსახურნენ, რაც 4%-ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების განცხადებაში.
საქართველოში თებერვალში მოგზაურთა ნაკადი შემცირდა>>
მგზავრთნაკადის რაოდენობის შემცირება, უწყების ინფორმაციით, მოხდა ავიამიმოსვლის შეჩერების გამო ჩინეთთან და ირანთან, რასაც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზი უდევს საფუძვლად, ასევე გასული წლის ივლისიდან ფრენების შეჩერებით რუსეთთან.
საქართველოს ყველა აეროპორტში 2020 წლის იანვარ-თებერვალში შესრულდა 2 923 რეისი, რაც 11%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
უწყების მონაცემებით, მგზავრების გადაყვანის ზრდა დაფიქსირდა თებერვალში ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში, გარდა თბილისისა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის თებერვალში მოემსახურა 188 ათას მგზავრს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. 19%-ით შემცირება იყო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. ამ პერიოდში თბილისის აეროპორტმა მიიღო 399,6 ათასი მგზავრი. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში რეისების რაოდენობა 23%-ით, 2 081 რეისამდე შემცირდა.
მომხმარებელს სესხის შენატანზე საშეღავათო პერიოდს „თიბისი" და „ლიბერთიც" სთავაზობენ>>
სააგენტოს ცნობით, 2020 წლის თებერვალში ქუთაისის აეროპორტი მოემსახურა 74,5 ათას მგზავრს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 57%-ით მეტია. ამ პერიოდში მგზავრების რაოდენობა 51%-ით – 156,3 ათასამდე გაიზარდა.
ბათუმის აეროპორტი 2020 წლის თებერვალში მოემსახურა 18,3 ათას მგზავრს, რაც 28%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. ორ თვეში ბათუმის აეროპორტმა მიიღო 40,3 ათასი მგზავრი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 33%-ით მეტია.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტში 2020 წლის თებერვალში მგზავრთნაკადი გაიზარდა 84%-ით, ამბროლაურის აეროპორტში – 9%-ით. იანვარ-თებერვალში ადგილობრივ აეროპორტებში მოემსახურნენ 1,4 ათას მგზავრს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 58%-ით მეტია.
საქართველომ მარტში პირდაპირი ფრენები შეაჩერა იტალიასთან, ასევე შემოიღო სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი მგზავრებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სამხრეთ კორეიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან.