თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის დედის ქველმოქმედების შესახებ პოსტს აქვეყნებს.
აღმოჩნდა, რომ 90 წლის ქალი მისი უფროსი მეგობარი და ქველმოქმედია.
„რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით „გურული დღიურების ფონდისთვის“ გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ. ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა“, – წერს კეკელიძე.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა პაატა იმნაძის დედის პოსტი, რომელზეც მისმა შვილმა ასეთი კომენტარი დაუწერა: „დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ“. სწორედ ამის შემდეგ გამოაქვეყნა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი.