რა შეღავათი ექნებათ ქართველ მეზღვაურებს კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო

ქართველი მეზღვაურები, რომელთა სერტიფიკატებსაც ვადა ეწურება, დოკუმენტების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას სამ თვემდე შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ გემიდან ჩამოსვლას, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდებათ, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს Facebook-გვერდზე.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

მოქმედების ვადა მეზღვაურებს არაუმეტეს 3 თვის ვადით გემთმფლობელის, ან საკრუინგო კომპანიის მომართვის საფუძველზე გაუხანგრძლივდებათ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განმარტებით, ეს ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული საქმიანობა ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე განაგრძონ.

„გამკაცრებული წესები მოქმედებს ნავსადგურებში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას... ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრ(ებ)ი ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში", – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს მთავრობამ საზღვარზე კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან შემოსვლის რეჟიმი გაამკაცრა

თუ აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში გემზე მყოფ რომელიმე პირს რაიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. შედეგად – მაქსიმალურად იზღუდება ხმელეთიდან კონტაქტი იმ მცურავ საშუალებასთან, რომელზე მყოფ პირსაც აღენიშნება რაიმე სიმპტომი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს აღწევს. ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.