თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მოსაზრებას, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ერთგვარ „სიკვდილის სარტყელზე“ ვრცელდება და ამით ის ბერმუდის სამკუთხედს ჩამოჰგავს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, განაცხადა განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა სპეციალისტმა ვლადისლავ ჟემჩუგოვმა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
ფული კარანტინზე: ცენტრობანკი COVID 19-ის გამო ბანკნოტებს ბრუნვაში არ გაუშვებს>>
ბოლო პერიოდში სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები ერთ ხაზზე იყოს განლაგებული — ჩრდილოეთ განედის მე-40 გრადუსზე. ამ რეგიონებში მოიაზრება ჩინეთის ქალაქი უჰანი (ინფექციის ეპიცენტრი), ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა და სხვ. ტექსტს თან ახლავს რუკა, ოღონდ საკმაოდ ცუდი ხარისხისა.
ჟემჩუგოვის თქმით, მსოფლიო რუკით ძალიან მარტივად შეიძლება დადგინდეს, რომ, მაგალითად, ქალაქი უჰანი ჩრდილოეთ განედის 30°35'-ზე მდებარეობს, ხოლო ირანზე საერთოდ არ გადის მე-40 პარალელი, ისევე, როგორც სამხრეთ კორეაზე.
„იტალიას ეს პარალელი ნამდვილად კვეთს, მაგრამ [კორონავირუსისგან] ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებული პროვინცია მისგან ძალიან შორსაა“, — განმარტა ექსპერტმა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელება დამოკიდებულია არა გეოგრაფიულ განედებზე, არამედ მოსახლეობის სიმჭიდროვესა და სხვა ფაქტორებზე. შესაბამისად, მას არაფერი აქვს საერთო ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცული რაიონის, ბერმუდის სამკუთხედის ფენომენთან.
ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 115 ქვეყანაში 135 382 ადამიანია ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით. აქედან გარდაცვლილია 4 981 და განკურნებულია 69 645 პაციენტი.
ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ათასს გადასცდა, ასე გამოიყურება: ინფექციის ეპიცენტრი ჩინეთი – 80 945 ადამიანი (აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 9 შემთხვევა გამოვლინდა), იტალია – 15 113, ირანი – 10 075, სამხრეთ კორეა – 7 869, ესპანეთი – 3 864, გერმანია – 3 059, საფრანგეთი – 2 879, აშშ – 1 701.