COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 და ორსულები: ბრიტანელი მეცნიერები სენსაციურ ფაქტებს აქვეყნებენ

ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა ჩინეთიდან მიღებული ანგარიშები შეისწავლეს და კორონავირუსით ორსულების ინფიცირების შანსები დაადგინეს.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი ორსულ ქალებს მოსახლეობის სხვა ჯგუფებზე მეტად არ ემუქრება, ირწმუნებიან ბრიტანელი მეცნიერები მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯიდან. 

COVID 19-ის მთავარი რისკ-ფაქტორები: მეცნიერები სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებენ

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს იმუნიტეტი ქვეითდება და ნებისმიერი სახის ვირუსით ინფიცირების ალბათობა იზრდება, როგორც ჩანს, COVID-19 არ წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს ფეხმძიმე ქალებისთვის.

ბრიტანელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ COVID-19-ით ორსულის გარდაცვალების არც ერთი ფაქტი დღემდე არ დარეგისტრირებულა. ამასთან, როგორც კოლეჯის პრეზიდენტი ედვარდ მორისი აცხადებს, ასევე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი შეიძლება მუცლად მყოფ ნაყოფს გადაეცეს.

თუმცა მეცნიერი იქვე განმარტავს, რომ ეს სრულიად ახალი ვირუსია და ისინი ჯერ მხოლოდ იწყებენ მის შესწავლას.

COVID 19: ქვეყნდება აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი>>

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა სწავლულებმა გააანალიზეს ჩინეთიდან მიღებული ანგარიში 147 ორსულის შესახებ, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები. გაირკვა, რომ მძიმე სიმპტომები მხოლოდ 8%-ს აღენიშნებოდა და მხოლოდ 1% იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ უკანასკნელს საგანგებო რეჟიმში ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ხოლო ქალი გამოჯანმრთელდა.

მიუხედავად ამისა, ბრიტანელი ექსპერტები აფრთხილებენ ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე ქალებს, როგორიცაა დიაბეტი, რომ გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება.  

ვის არ ემართება კორონავირუსი – მეცნიერები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ>>

აღსანიშნავია, რომ იმავეს ამტკიცებს ჩინური კვლევაც. ირკვევა, რომ COVID-19-ით დაავადებულ არც ერთ მშობიარეს არ გამოვლენია ვირუსი არც ამნიოტიკურ სითხეში, არც ჭიპლარის სისხლსა და არც რძეში. ამასთან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი აჩვენა ახალშობილთა ანალიზებმაც.    

სპეციალისტები აღიარებენ, რომ ეს მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს ახალი ინფორმაციის მიღების კვალდაკვალ, ამიტომ ორსულებს რეგულარული კონტროლის რეკომენდაციას აძლევენ.