თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პოლიციამ სამი პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანა

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.
Sputnik

 

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. პოლიციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის სამი პირი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეები მოწყობილია აჭარაში, აბასთუმანში, თბილისის კლინიკა „ვივამედში", საჩხერეში, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში, გორის ჰოსპიტალში. 

თბილისის სამი ღამის კლუბი კორონავირუსის გამო დროებით დაიკეტა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

12 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 106 893 ადამიანს აღწევს, დაიღუპა 3 639, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციაში. კორონავირუსი უკვე 103 ქვეყანაშია გამოვლენილი.