ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის მამაკაცს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ ბრალდებული ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დამნაშავედ ცნო
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

მამაკაცი 2019 წლის 11 ოქტომბერს ხაშურში ყოფილ მეუღლესთან სამსახურში შურისძიების მოტივით, კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღითა და სამი ხელყუმბარით მივიდა, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა.

საქართველოში დანაშაული 8,5%-ით გაიზარდა

„ვინაიდან ბრალდებულმა ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ნ.გ.-მ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც ი.დ. შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების შედეგადაც ნ.გ. საავადმყოფოში გარდაიცვალა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ი.დ. 2019 წლის 12 ოქტომბერს ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სრულად ცნო და სასჯელის სახით 20-წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.