თბილისი, 11 მარტი — Sputnik. იტალია სამედიცინო საქონლის მწვავე უკმარისობას განიცდის ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის, COVID-19–ის გავრცელების გამო, და იმედი გვაქვს, რომ ჩინეთი დახმარებას გაგვიწევს, უთხრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ჩინელ კოლეგა ვან ის სატელეფონო საუბრისას.
„ეპიდემიოლოგიური ვითარება იტალიაში ახლა უკიდურესად მძიმეა... რთული მდგომარეობა გვაქვს სამედიცინო ნივთებისა და აღჭურვილობის მხრივ და იმედი გვაქვს, რომ ჩინეთი დაგვეხმარება ამ უკიდურესად მწვავე პრობლემის გადაჭრაში“, — განაცხადა დი მაიომ.
მისი თქმით, იტალია ყურადღებით სწავლობს ჩინეთის წარმატებულ გამოცდილებას კორონავირუსთან ბრძოლაში.
ჯონ ჰოპკინსის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის იტალიაში COVID 19–ით დაავადებულთა რაოდენობა სულ 10 149 კაცს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 604 და გამოჯანმრთელდა 724 პაციენტი.
სულ მსოფლიოში დღემდე ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 115 ქვეყანაში 119 108 კაცს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 4284 და გამოჯანმრთელებულია 65 765 ადამიანი.