მსოფლიო დღეს

მკვეთრი ვარდნის შემდეგ: ნავთობზე ფასები კორექციულად იმატებს

ნავთობის ბაზრისთვის რისკად რჩება კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში, ვინაიდან დაავადების გამო დაწესებული საკარანტინო ზომები ნეგატიურად ისახება წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვზე.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ნავთობზე მსოფლიო ფასები კორექციულად იზრდება 7%-ით მას შემდეგ, რაც ორშაბათს, დილით გამართულ ვაჭრობაზე ფასები 30%-ით დაეცა OPEC-ის წევრი ქვეყნების მოლაპარაკებების ჩაშლის გამო. ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ვერ შეძლეს შეეთანხმებინათ ახალი პარამეტრები ან გაეხანგრძლივებინათ მოქმედი შეთანხმებების ვადები. 

მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა – პირველად 1991 წლის შემდეგ

სამშაბათს დილის 09:03 საათის მდგომარეობით (თბილისის დროით), Brent-ის მარკის ნავთობზე მაისის ფიუჩერსები 7,33%-ით გაძვირდა და ერთ ბარელზე 36,88 აშშ დოლარი შეადგინა; ხოლო WTI-ს მარკის აპრილის ფიუჩერსებმა 6,91%-ით მოიმატა და ბარელზე 33,28 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Brent-ის მარკის ნავთობზე ფიუჩერსების ეს ყველაზე ძლიერი ერთდღიანი ვარდნა იყო 1991 წლის შემდეგ.  

ფიუჩერსი — ვადიანი საბირჟო კონტრაქტია, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს საბაზისო აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად.

OPEC-ის წევრი ქვეყნების მოლაპარაკებების ჩაშლის შედეგად, 1 აპრილიდან მოპოვების შეზღუდვების ვალდებულება არავის ექნება ალიანსის მონაწილეთაგან, ხოლო საუდის არაბეთი, საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოპოვებების გაზრდასა და ნავთობზე ფასების დაწევას აპირებს. 

როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე პანიკა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე>>

ნავთობის ბაზრისთვის რისკად რჩება კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში, ვინაიდან დაავადების გამო დაწესებული საკარანტინო ზომები ნეგატიურად ისახება წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვზე. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ COVID-19 მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შეკავებას მოახერხებს, რაც ნავთობის მოთხოვნებზეც აისახება.