თბილისი, 10 მარტი — Sputnik. კორონავირუსის პროფილაქტიკის პროგრამის ფარგლებში თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმული კამერები დაამონტაჟეს, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23–მდე გაიზარდა>>
სადღეღამისო მეთვალყურეობისთვის განკუთვნილი თერმოკამერები მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. ანალიზის დროს კამერა თერმულ ეტალონებს იყენებს.
„იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე დაერთებული კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდება ოპერატორს, რომელიც თავის მხრივ გადასცემს ინფორმაციას შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კამერების დაყენება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო.
აეროპორტებში ასევე ყოველდღიურად ტარდება სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.
ამ საღამოს გავრცელდა ახალი მონაცემები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ. დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა (აქამდე იყო 15), კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი (იყო 178), ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 (იყო 56). მონაცემები გამოქვეყნებულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge.