მსოფლიო დღეს

არსებობს თუ არა კორონავირუსის საკვებით გადადების საშიშროება: EFSA განცხადებას ავრცელებს

სურსათის უსაფრთხოების ევროპული სააგენტო „არ რეაგირებს“ COVID-19-ის ეპიდაფეთქებაზე, ვინაიდან ამის საფუძველი დღეისათვის არ არსებობს.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. იმის მტკიცებულება, რომ საკვები შეიძლება იყო კორონავირუსით ინფიცირების ან დაავადების გადადების წყარო, არ არსებობს, ნათქვამია სურსათის უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს (EFSA) ოფიციალურ საიტზე. 

რატომ არ უნდა გვეშინოდეს კორონავირუსისა: ესპანელი მიკრობიოლოგი მიზეზებს ასახელებს

სააგენტოს წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის მარტა ჰუგასის თქმით:

„წარსულში ისეთი მონათესავე კორონავირუსების აფეთქებებიდან მიღებული გამოცდილება, როგორებიცაა მწვავე რესპირატორული სინდრომი SARS-CoV და ახლოაღმოსავლური მწვავე რესპირატორული სინდრომი MERS-CoV, აჩვენებს, რომ საკვების მიღებით კორონავირუსის გადადება არ ხდება. ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ამ კუთხით განსხვავებულია“.

ორგანიზაციის განცხადებით, EFSA-ს ამ დრომდე არ მიუღია მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებისა და მეცნიერებისგან არანაირი შეტყობინება საკვებით ინფიცირების თაობაზე, რის გამოც სურსათის უსაფრთხოების ევროპული სააგენტო „არ რეაგირებს“ COVID-19-ის ეპიდაფეთქებაზე.

რაც შეეხება კვების პროდუქტების უსაფრთხოებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა რეკომენდაციები ჰიგიენის წესების დაცვის შესახებ საკვების მომზადებისას. ეს წესები გულისხმობს როგორც ხელების ხშირ დაბანას, ისე ხორცისა და სხვა პროდუქტების კარგად გარეცხვა–გასუფთავებას, რათა დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით ვირუსი არ გადაგვედოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: COVID 19-ის პანდემია რეალური ხდება>>

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 452 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი.