მსოფლიო დღეს

ვრცელდება მითები COVID-19-ზე: ჯანმო განმარტებებს აქვეყნებს

ბავშვის შარდი არ არის კორონავირუსის საპროფილაქტიკო საშუალება, ის არ კლავს ვირუსებსა და ბაქტერიებს. პირიქით, შარდი ნამდვილად შესაძლებელია, შეიცავდეს მცირე რაოდენობით ვირუსულ ან ბაქტერიულ მასალას.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) რამდენიმე მცდარი წარმოდგენის შესახებ ისაუბრა.  

COVID-19: გამოვლინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები

მითი 1: ახალი კორონავირუსი ჰაერში შორ მანძილზე ვრცელდება.

ფაქტი: კორონავირუსებს არ შეუძლიათ ჰაერში შორ მანძილზე გავრცელება.

ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა, ე.ი. პაციენტის სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი ამონასუნთქი, გამოფრქვეული წვეთებით (მაგალითად, ხველების ან ცემინების დროს ნერწყვის ან ცხვირიდან გამონადენის წვეთების სახით). დიდი მასის გამო ამ წვეთებს ჰაერში შორი მანძილის გავლა არ შეუძლია. გარდა ამისა, ინფიცირება შესაძლებელია ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირზე მოხვედრილი ხელის თვალებზე, პირის ღრუსა და ცხვირზე შეხებით. ინფექციის თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკის მიზნით, რეგულარულად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებებით ან საგულდაგულოდ დაიბანეთ ისინი საპნითა და წყლით.

მითი 2: კოკაინი ხელს უწყობს COVID-19-სგან თავის დაცვას.

ფაქტი: კოკაინის მიღება ვერ უზრუნველყოფს კორონავირუსისგან თავის დაცვას. 

კოკაინი არის მასტიმულირებელი ნარკოტიკი, რომელსაც ახასიათებს მიჩვევა. მისი მიღება იწვევს საშიშ გვერდით მოვლენებს და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. 

რატომ არ უნდა გვეშინოდეს კორონავირუსისა: ესპანელი მიკრობიოლოგი მიზეზებს ასახელებს

მითი 3: ბავშვის შარდი COVID-19-ის საპროფილაქტიკო საშუალებაა.

ფაქტი: ბავშვის შარდი არ არის კორონავირუსის საპროფილაქტიკო საშუალება.

შარდი არ კლავს ვირუსებსა და ბაქტერიებს. პირიქით, შარდი ნამდვილად შესაძლებელია, შეიცავდეს მცირე რაოდენობით ვირუსულ ან ბაქტერიულ მასალას. ახალი კორონავირუსისგან ბავშვის შარდით ხელების დაბანა ან ზედაპირების გაწმენდა არ დაგიცავთ. აუცილებელია რეგულარულად ხელების დამუშავება სპირტის შემცველი საშუალებებით ან მათი დაბანა საპნითა და წყლით. ზედაპირების დასამუშავებლად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენეთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: COVID 19-ის პანდემია რეალური ხდება>>

ამასთან, ჯანმომ ასევე უარყო მითი კორონავირუსის კოღოებით გავრცელების შესახებ, თუმცა დაუშვა, რომ ვირუსის გადაცემა შესაძლებელია საგნებით, მაგალითად, მონეტებითა და ბანკნოტებითაც კი. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 544 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (755). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 031 პაციენტი.