საქართველოში სასამართლო პროცესები ცარიელ დარბაზებში ჩატარდება

სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საერთო იურისდიქციის ვიზიტორებსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან „განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა“, ნათქვამია იუსტიციის საბჭოს განცხადებაში.

„მოგმართავთ თხოვნით...“ – ოთარ დანელია თვითიზოლაციის მიზეზებს განმარტავს

განცხადებაში განმარტებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.

სასამართლოების შენობებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ეს პროცესი გრძელდება. შენობებში განთავსებულია ხელის დეზინფექციის საშუალებები.

მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის stopcov.ge მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი, სტაციონარში კი 56 პაციენტი.