მსოფლიო დღეს

როდის შეწყდება COVID-19-ის გავრცელება მსოფლიოში – ექსპერტი სავარაუდო თარიღს ასახელებს

ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების მხოლოდ 40 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ერთი თვის წინ ეს რიცხვი 3 ათასს აღწევდა.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება მინიმუმ ივნისამდე გაგრძელდება. ამგვარი პროგნოზი ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელმა ჩჟუნ ნანშანმა გააკეთა. 

COVID-19: კორონავირუსი ჩინეთში უკან იხევს, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

მისი ვარაუდით, მომავალში შესაძლოა დაავადება უკვე ჩინეთიდან კი არ გავიდეს სხვა ქვეყნებში, არამედ, პირიქით, საზღვარგარეთიდან შევიდეს ჩინეთში.

„პროგნოზის თანახმად, ეპიდემია მთელ მსოფლიოში გავრცელებას, სულ ცოტა, ივნისამდე განაგრძობს. მომავალში კორონავირუსთან ბრძოლაში ყურადღებამ შესაძლოა [დაავადების] ექსპორტიდან მის იმპორტზე გადაინაცვლოს“, — განაცხადა ექსპერტმა.

ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების მხოლოდ 40 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ერთი თვის წინ ეს რიცხვი 3 ათასს აღწევდა.

ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების არეალი 101 ქვეყანას მოიცავს. COVID-19-ის ეპიდაფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 110 041 ადამიანს შეადგენს. აქედან ჩინეთზე 80 735 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (7 382 კაცი), მესამეზე – იტალია (7 375), მეოთხეზე – ირანი (6 565), მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე კი საფრანგეთი (1 209) და გერმანია (1 040) არიან.

COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 3 825 კაცს შეადგენს, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 61 979 პაციენტი.