თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ პრეზიდენტს რეგიონული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში მიმდინარეობს ბაგა-ბაღების, სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები, გათვალისწინებულია ცენტრალური ხელისუფლების ყველა რეკომენდაცია.
მოწერელიას ინფორმაციით, სამეგრელოში კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება იტალიიდან ჩამოსული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. მესტიაში კი მსგავს ვითარებაშია იტალიის ოთხი მოქალაქე.
კორონავირუსთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობას დროებით წყვეტს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საჭიროა ყველა რეკომენდაციის დაცვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად მიღებულია საჭირო ზომები.
„მინდა საქართველოს მოქალაქეებს გადავცეთ განწყობა, რომ ვირუსთან დაკავშირებით საჭიროა საკითხისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა და სიფრთხილე, საჭიროა რეგულაციების გათვალისწინება, რაც უნდა მკაცრი იყოს ის, საჭიროა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მივუდგეთ საკითხს, რათა არ გავრცელდეს ვირუსი“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რეგიონში ქალთა ძალადობის პრევენციის მიმართულებით და რა ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ამ მიმართულებით რეგიონში მაღალი აქტივობაა. ხორციელდება რამდენიმე მსხვილი პროექტი, მათ შორის თანამდეროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, უკვე დასრულებულია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, 300-ზე მეტი შიდა გზის რეაბილიტაცია, ზუგდიდს ახალი საჭადრაკო სკოლა შეემატა, მიმდინარეობს თეატრის მშენებლობა, ასევე იგეგმება ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა დადიანების სასახლის სივრცეში, რომელიც ახალგაზრდებისათვის იქნება ის ადგილი, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ექნებათ.
ნიკა ლატარია