საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციის შეხვედრას შეუერთდა

გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკაში ბრუნდება – დღეს იგი „ლეიბორისტების" ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე მივიდა.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების შეხვედრას შეუერთდა, რომელიც „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარეობს.

შეთანხმება მიღწეულია – ხელისუფლება და ოპოზიცია კონსენსუსამდე მივიდნენ

„მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ნანატრ გზაში, რომ ბოლოს და ბოლოს არჩევნები გახდეს შეჯიბრება პოლიტიკოსებს შორის და არა ხმების მოპარვა", – განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.

გიორგი მარგველაშვილმა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მისი გეგმების შესახებ დასმულ კითხვას პასუხი არ გასცა.

გუშინ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოდელთან დაკავშირებით ძირითად სადავო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ „120/30“ მოდელზე, ანუ 120 მანდატი პროპორციული სისტემით განაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდება 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.