ქრთამის აღების ბრალდებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი დააკავეს

ბრალდებულმა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირის მამას და ადვოკატს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ 20 ათასი ლარი გამოართვა.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

გარდაბნის მერის წარმომადგენელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – ვიდეო

გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ.-მ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 50 ათასი ლარი მოითხოვა და ამასთან ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდებოდა.

ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას. შესაბამისად, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ.-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით მთლიანობაში 20 ათასი ლარი გამოართვა. პროკურატურის თანამშრომლებმა იგი ქრთამის აღების დროს დააკავეს.

პროკურატურის თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.