ჩრდილოეთ იტალიაში გამოცხადებული კარანტინი 16 მლნ ადამიანს შეეხო

ამ პერიოდის განამავლობაში გაუქმდება ყველა მასობრივი ღონისძიება. აიკრძალება მათ შორის ქორწილები, დაკრძალვის ცერემონიები და რელიგიურ რიტუალებზე შეკრებები
Sputnik

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. იტალიის ჩრდილოეთში, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში კარანტინი გამოცხადდა, იუწყება ბრიტანული ტელერადიომაუწყებელი კომპანია BBC.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინი, რომელიც 3 აპრილამდე იმოქმედებს, დაახლოებით 16 მლნ მოქალაქეს შეეხო.

აკრძალვები შეეხო მილანის ფინანსურ ცენტრსა და ვენეციასაც.

ჯარიმა ემუქრება ყველას, ვინც ლომბარდიაში შესვლას ან იქიდან გამოსვლას სპეციალური ნებართვის გარეშე შეეცდება. კარანტინის დარღვევისთვის სასჯელი 3-თვიანი პატიმრობაა.

კარანტინის პერიოდში სრულად დაიკეტა მუზეუმები, სათხილამურო კურორტები, ღამის კლუბები, საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზები. აღსანიშნავია, რომ რესტორნებსა და კაფეებს აკრძალვა არ შეეეხება, თუმცა ადამიანები ერთმანეთისგან სულ მცირე ერთი მეტრის მოშორებით უნდა ისხდნენ.

სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთსა და მსოფლიოში - 8 მარტის მონაცემები

ამ პერიოდის განამავლობაში გაუქმდება ყველა მასობრივი ღონისძიება. აიკრძალება მათ შორის ქორწილები, დაკრძალვის ცერემონიები და რელიგიურ რიტუალებზე შეკრებები.

ასევე, სპორტული ღონისძიებები გულშემატკივრების გარეშე უნდა ჩატარდეს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 50-ზე მეტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი ერთ დღეში 1200-დან 5883-მდე გაიზარდა.