ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება: დაკავებულია ტურისტული სააგენტოს ორი თანამშრომელი

ბრალდებულებმა ყალბი საბანკო ამონაწერი, სახელფასო ცნობა, დიპლომი, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები 800 დოლარად გაასაღეს.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებულები, რომლებსაც თბილისში გააჩნდათ ტურისტული ოფისი, დაინტერესებული პირებისთვის ამზადებდნენ და ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტს. დაკავებულებმა მათ მიერ დამზადებული ყალბი საბანკო ამონაწერი, სახელფასო ცნობა, დიპლომი, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები 800 აშშ დოლარად გაასაღეს.

ამოღებულია 100-ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საბანკო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას; დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.