საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 13 პაციენტი იმყოფება, რომელთა ანალიზების პასუხები ცნობილი არ არის
Sputnik

 

თბილისი,  6 მარტი — Sputnik.  საქართველოს 6 მარტს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა, კარანტინში 140 ადამიანი რჩება, ნათქვამია  კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ვებ–გვერდზე. 

ფოთის ნავსადგურში შემოსული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა

საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა – ორი მათგანი ირანში იმყოფებოდა, შვიდი კი იტალიაში. 

ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6 მარტის ღამეს კარანტინში 140 ადამიანი რჩება, კიდევ 42 კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, კლინიკაში 30 პაციენტი იმყოფება, მათ შორის,  კორონავირუსით ინფიცირებულები.

 „ჩვენ უკვე ხუთი ახალი პაციენტის პასუხი ვიცით, რომელთაც არ დაუფიქსირდათ კორონავირუსი და მათ კარანტინში მოათავსებენ. ახლა ჩვენთან 13 პაციენტი იმყოფება, რომელთა ანალიზების შედეგები ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რვა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 „ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა, სტაბილურია. მას ტემპერატურის 38,5–დან 39,5 გრადუსამდე მატება დაუფიქსირდა და იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას აქვს ხველა და საერთო სისუსტე. დანარჩენ პაციენტებს სიმპტომები არ აღენიშნებათ ან მსუბუქი გამოვლინება აქვთ  ტემპერატურის მატება 37 – 37,5 გრადუსამდე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველომ პარასკევს იტალიასთან ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე ავიამიმოსვლა შეჩერდა ირანთან და ჩინეთთან. ასევე 6 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს ვირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან მოგზაურთა  შეზღუდვა.  ამასთან, საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებული არიან, გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.