ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა

ზურაბ ადეიშვილსა და მის მოადგილეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2016 წელს წაუყენეს.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

ამასთან ერთად ზურაბ ადეიშვილს თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლისა და 3 თვის ვადით აეკრძალა.

სასამართლომ ადეიშვილს 2 წლით პატიმრობა შეუფარდა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა, თუმცა „ამნისტიის შესახებ კანონით" მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა.

ზურაბ ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი ევროკავშირში მიიღო

ამავე საქმეზე ბრალდებულ მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს 40 ათასი ლარი ჯარიმა განესაზღვრა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. გიორგი ლაცაბიძეს ჯარიმასთან ერთად 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლებაც შეეზღუდა.

ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის იანვარში ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

ოქრუაშვილსა და ადეიშვილს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინათ>>

2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეში დამნაშავედ ცნეს და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ადეიშვილი ქვეყანში არ იმყოფება და მას სასჯელი არ მოუხდია.