თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა რამდენიმე ჭრილობა მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა. შემთხვევა დღეს მოხდა.
„ოპერაცია დასრულდა და პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, კრიტიკულად მძიმეა – მიღებული დაზიანებების სიმძიმისა და რაოდენობის შესაბამისად. ერთ-ერთი ჭრილობა იყო გულშიც. დაფიქსირდა ოპერაციის მსვლელობისას ტამპონადა, თუმცა მოხერხდა მალევე რიტმის აღდგენა“, – განაცხადა ხაშურის ახალი საავადმყოფოს დირექტორმა კახა ხელაძემ.
სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული მ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე ყოფილ მეუღლეს – 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულ-მკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
პოლიციამ მ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.