თბილისი, 5 მარტი — Sputnik. სენაკში, შონიას ქუჩაზე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სენაკის მერიის წარმომადგენლის გოჩა ჭანტურიას ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. მის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახლი გურამ ზარანდიას ოჯახს ეკუთვნის და მასში სამი ადამიანი ცხოვრობდა. გოჩა ჭანტურიას განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს ქალაქის მერია დაეხმარება.
ხანძრის შედეგად დამწვარია საოჯახო ნივთები და ავეჯი.