საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის  9 შემთხვევა დადასტურდა

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45 პაციენტი რჩება.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია,, ნათქვამია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს გამოვლენილი ხუთივე ინფიცირებული მგზავრობდა 44 წლის საქართველოს მოქალაქესთან ერთად, რომელიც იტალიიდან კვირას ჩამოფრინდა და რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

დღევანდელ დღემდე საქართველოში კორონავირუსი დაუფიქსირდა სამ პირს - ირანში ნამყოფ ორ მამაკაცს და იტალიიდან ჩამოსულ 31 წლის ქალს.

ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია და მხოლოდ ხსენებული 44 წლის მამაკაცი უფრო მეტად საყურადღებოა, განაცხადა გამყრელიძემ.

ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45 პაციენტი რჩება.

ტიკარაძე: საქართველოში შესაძლოა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე მინისტერიალი გაიმართოს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეებში  მოწყობილია გონიოში, აბასთუმანში , თბილისის კლინიკა „ვივამედში“ , საჩხერეში , ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში , ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში და გორის ჰოსპიტალში.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.