თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისში გარდაიცვალა წარსულში ცნობილი ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი - ორ თვეში მას 80 წელი შეუსრულდებოდა.
მთელი თავისი ცხოვრება მოსეშვილმა თბილისის „დინამოს“ დაუკავშირა. თავიდან როგორც მოთამაშემ, შემდეგ კი როგორც მწვრთნელმა. მოსეშვილი კლუბის შემადგენლობაში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა, 1960 წლიდან 1971 წლამდე, ამ დროის განმავლობაში მან არაერთი ტიტული მოიპოვა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონთა თასი. 1962 წელს თბილისის „დინამო" ევროპაში ტოლს არავის უდებდა.
„დინამოსთან“ ერთად მოსეშვილმა 1968 წელს სსრკ-ის პირველობა მოიგო, ხოლო ერთი წლის შემდეგ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი. თავდამსხმელის თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა სსრკ-ის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ და 1964 წელს მოსეშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, იგი თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მოსეშვილი დარჩა თბილისის „დინამოში“ და კლუბის სათავეში 1972 წლიდან 1998 წლამდე რჩებოდა.
მოსეშვილი ყოველთვის ნოვატორი იყო და კალათბურთის მოდიფიცირებას ცდილობდა. ერთ – ერთი ნაბიჯი, რომელსაც ქართველი მწვრთნელი ყოველთვის მხარს უჭერდა, კალათბურთში ოთხქულიანი ტყორცნების შემოღება იყო. მას სჯეროდა, რომ ეს კალათბურთში პოზიტიური სიახლე იქნებოდა და სტიმულს მისცემდა იმ მოთამაშეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ შორეულ ტყორცნებს. მოსეშვილმა არაერთხელ მიმართა FIBA–ს ამ წინადადების განხილვის ინიციატივით, მაგრამ კალათბურთს ისევ ძველი წესებით თამაშობენ.
მოსეშვილის დამსახურება კალათბურთის წინაშე საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩა. 2012 წელს მას მიენიჭა „სპორტის რაინდის" ტიტული, ხოლო სამი წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური მედალი გადაეცა.