მანამდე მიუწვდომელი: შექმნილია მინი-კომპიუტერი, რომელიც პირდაპირ გულში ინერგება – ვიდეო

ექიმებს იმედი აქვთ, რომ ახალი მინი-კომპიუტერი მსოფლიოს მასშტაბით 26 მლნ ადამიანს დაეხმარება, რომლებსაც გულის უკმარისობა აწუხებთ.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ისრაელში მეცნიერებმა შექმნეს მინი-კომპიუტერი, რომელიც პირდაპირ ადამიანის გულში ინერგება, იუწყება ВВС. 

​მოწყობილობას, რომლის სახელწოდებაცაა V-LAP, მილაკის ფორმა აქვს და იოლად შედის გულში ვენის გავლით. კომპიუტერი შეკრებს ინფორმაციას გულის მუშაობის შესახებ, რომლებიც, მეცნიერების თქმით, მანამდე მათთვის მიუწვდომელი იყო. აღნიშნული მინი-კომპიუტერით მოპოვებული ცნობები ექიმებს საშუალებას მისცემს, დანიშნონ ეფექტური მკურნალობა. 

V-LAP-ი ისრაელის კომპანია Vectorious Medical Technologies-მა შექმნა. ის სპეციალური ქამრის მეშვეობით იტენება, რომელიც პაციენტს სხეულზე უმაგრდება. მონაცემებს გულის მუშაობის შესახებ შეკრებს, დაამუშავებს და მედიკოსებს გადაუგზავნის ხელოვნური ინტელექტი. 

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერები ეძებენ მოხალისეებს კომპიუტერის კლინიკური გამოცდისთვის. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი პირველი პაციენტი 71 წლის ბრიტანელი გახდა, სახელად ენდრიუ.

ექიმებს იმედი აქვთ, რომ ახალი მინი-კომპიუტერი მსოფლიოს მასშტაბით 26 მლნ ადამიანს დაეხმარება, რომლებსაც გულის უკმარისობა აწუხებთ.