თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში თემის შეცვლა და ქვეყნის მომავალზე საუბარი გადაწყვიტა.
მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში სრული შემადგენლობით მოუსმენს>>
პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც ის მიმართვის მთავარ თემაზე ფიქრობდა, გადაწყვიტა, არ შეხებოდა თავის ცნობილ თემებსა და მთავარ საზრუნავს – კულტურას, დიასპორას, საზოგადოებას. მან გადაწყვიტა, ილაპარაკოს ქვეყნის გამოწვევებზე და მის მომავალზე.
ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიცია ზურაბიშვილის გამოსვლას არ ესწრება. პარლამენტის კედლებს გარეთ უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქცია-პერფორმანსი.
ზურაბიშვილის გამოსვლას ესწრება მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ასევე დარბაზში იმყოფებიან საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ეს სახელმწიფოს მეთაურის რანგში ზურაბიშვილის რიგით მეორე გამოსვლაა პარლამენტში. წინა გამოსვლა 2019 წლის მარტში გაიმართა.