ანუკა გვალიას იმპროვიზაციები და ორიგინალური მანერით შესრულებული ქართული სიმღერები

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გამოგზაურებთ გერმანიაში, სადაც ძალიან პოზიტიურ და ნიჭიერ ანუკა გვალიას შეგახვედრებთ.
Sputnik

როგორც ნიჭიერი ადამიანების უმრავლესობა, ისიც არაორდინარული საქციელით და ემოციური დამოკიდებულებებით გამოირჩევა. ერთხელ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სუიციდის თემაზე Stend Up-ის ჩაწერის დროს... მტკვარში გადახტა, რადგან რეპორტაჟს ასე სჭირდებოდა! გერმანიაში დარჩენის გადაწყვეტილებაც სპონტანურად მიიღო.

მას შემდეგ ეს ქვეყანა მისი მეორე სამშობლო გახდა, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, უფრო მეტიც, საკუთარი თავი, პირველ რიგში როგორც მომღერალმა, სწორედ აქ აღმოაჩინა... მის მიერ ორიგინალური მანერით შესრულებულმა ნაცნობმა ქართულმა სიმღერებმა ყურადღება უკვე მიიქცია, საქართველოში მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობაც არაერთხელ შესთავაზეს.

ანუკა გვალიას იმპროვიზაციები და ორიგინალური მანერით შესრულებული ქართული სიმღერები

სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისი არტისტული ჩანაწერები იმდენად პოპულარულია, რომ ჯანსაღ ეჭვს ბადებს – ერთ დღესაც მათი შემსრულებელი პროფესიონალურ სცენაზეც წარმატებით ამღერდება...

- თქვენ ორიგინალურობით გამოირჩევით, იქნებ თავად „გაგვაცნოთ“ ანუკა გვალია და მისი ოჯახი?..

- ანუკა გვალია დაიბადა ერთ ლამაზ, თბილისურ ოჯახში, სადაც სიმღერის მეტი, ვგონებ, არაფერი ისმოდა. ამ ოჯახის კარი არასოდეს იკეტებოდა, ამიტომ სულ ეგონა, რომ კარს ურდული ჰქონდა გაფუჭებული. თურმე, არა, ბატონო, იკეტებოდა, მაგრამ მას არავინ კეტავდა. ვისაც გაუხარდებოდა, ყველა მოდიოდა, აქ სიმღერებით იძინებდნენ და სიმღერებით იღვიძებდნენ. ოჯახში ყოველდღე ჟრიამული იყო – ეს ყველაფერი გვალიების ოჯახში ხდება. თბილისში მათ ყველა იცნობდა. აქ ბევრი ულამაზესი სიმღერაა შექმნილი. ბევრი დღეს უკვე ცნობილი ადამიანი აქ იყრიდა თავს, პირველ ნამუშევარსაც აქ წარადგენდა და ზოგჯერ რეპეტიციებსაც აქ გადიოდა.

- მაშინ თქვენ უჩვეულოდ ამღერებასაც არავინ გაიოცებდა, ასეა?

- დიახ, სიმღერით ჩემი გატაცება არავის გაკვირვებია. მამა და ძმა არაჩვეულებრივად უკრავენ გიტარაზე, დედა – პიანინოზე. თავის დროზე ეცადნენ, რომ მეც მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით მესწავლა, მაგრამ მასწავლებელმა თითები მატკინა და მალე გამოვედი. გიტარაზე არ დავუკარი, იმიტომ რომ იმ მომენტში ბალეტზე დავდიოდი და ცეკვა უფრო მიყვარდა. ერთი პერიოდი სუხიშვილების სტუდიაში ვცეკვავდი. მოკლედ, ერთი ჭოკით ხტომა არ მიცდია, დანარჩენი ყველა წრეზე ვიარე. როდესაც სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე, მურმან ჯინორიასთან დავიწყე მეცადინეობა, რომელიც ბაბუად მეკუთვნის. თუმცა მალე მივხვდი, რომ ეს ნიჭი არ მქონდა, ან შეიძლება იმ მომენტში დამეზარა კიდეც. მურმანი ძალიან მომთხოვნია, მე კი, რასაც ჰქვია, ყოველთვის „ტაშფანდურა“ ვიყავი. გადავწყვიტე, რომ მსახიობობა ჩემი საქმე არ იყო. თუმცა რაღაც მინდოდა, რაც მასთან ახლოს იქნებოდა...

ანუკა გვალიას იმპროვიზაციები და ორიგინალური მანერით შესრულებული ქართული სიმღერები

- „მასთან ახლოს“ აღმოჩნდა ტელევიზია, სადაც ერთი პერიოდი საავტორო გადაცემა მიგყავდათ. დარწმუნებული ვარ, ამ ამბავს დასაწყისიც თქვენ სტილში, ანუ ექსტრავაგანტული ექნება...

- კი, პირველივე ინტერვიუზე გამოვიდა ასე... მანამდე გეტყვით, როგორ მოვხვდი „იქ“. იმ დროს კოტე მახარაძემ და მანანა ითონიშვილმა თეატრალურ ინსტიტუტში დააარსეს ტელე-რადიო ფაკულტეტი, სადაც ძალიან მოვინდომე და მოვხვდი. გადავწყვიტე პირველი ინტერვიუ ოტია იოსელიანისგან ამეღო. ამისთვის სახლიდან მოვიპარე დიქტოფონი და ჩემ მეგობართან ერთად მატარებლით იმერეთში გავემგზავრე. მწერალს პირდაპირ წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დავადექით თავზე. როცა დილის 7 საათზე იქ ჩასული დამინახა, ბატონმა ოტიამ გაოცებულმა მკითხა – ვინ ხარო. მე აცანცარებულმა ვუპასუხე, ჟურნალისტი-მეთქი. ჰოდა, თუ ჟურნალისტი ხარ, ახლა გატრიალდი და წადიო. მისდა გასაოცრად, ვუპასუხე – მწერალი კაცი ბრძანდებით და „სტუმარ-მასპინძელი“ წაკითხული გექნებათ, სტუმარს ასე არ აბრუნებენ-მეთქი. აქ უცებ დამაკვირდა და მითხრა – ერთი შემოდი, ბიძიკო, სახლშიო, და შემიპატიჟა. შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვი მის შემოქმედებაზე, ბევრი ვისაუბრეთ და მას შემდეგ ძალიან დავმეგობრდით. წამოსვლის დროს არაჩვეულებრივი არაბია – მისი ხელით მოყვანილი ხილი გამომატანა. დამშვიდობების დროს კი მითხრა – შენ დიდი ჟურნალისტი გახდებიო! რა ვიცი, დიდი ჟურნალისტი, ალბათ, ვერ გავხდი, მაგრამ ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიე.

- ყოველთვის აპოლიტიკური ჟურნალისტი იყავით. მოდით, შევახსენოთ მკითხველს, რა გადაცემაზე მუშაობდით და რა ფილმები გაქვთ გადაღებული...

- პოლიტიკა ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა, აქედან გამომდინარე, ამ სფეროში დღესაც არაფერი მესმის. აი, კულტურა კი ყოველთვის ჩემი იყო – თეატრი, სცენა, სიმღერა... მოკლედ, კულტურის სფეროს გავყევი. რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც წარსულის გმირებზე მზადდებოდა, ისინი „TV საქართველოს“ ეთერში გადიოდა და ერქვა „საქართველოსთვის“. ჩემთვის ფილმების ამ სერიაზე მუშაობა დიდი პატივი იყო. შემდეგ ტელეწამყვანი გავხდი და საავტორო გადაცემა „18+“ მიმყავდა. ასეთი სახელი გადაცემას იმიტომ კი არ ჰქონდა, რომ მისი თემატიკა სექსთან იყო დაკავშირებული, უბრალოდ, ღამის ეთერი იყო და სახელიც აქედან გამომდინარე შევურჩიე. ეს ათი წლის წინ იყო...

- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

- ეს მაშინ მოხდა, როცა მე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მოვაწყვეთ ევროტური მილანი–ბერლინი. ჩემი ერთი მეგობარი ნიურნბერგში ცხოვრობდა და მას ვესტუმრეთ. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. გერმანიაში ჩემი დარჩენა და ცხოვრებაც ასე სპონტანურად გადაწყდა. თბილისში, ტელევიზიაში დავრეკე და ვუთხარი, აღარ ჩამოვდივარ, ვთხოვდები-მეთქი. ყველას გაუკვირდა – კი, მაგრამ შენ ხომ შვებულებაში ხარო?!.

- როგორც ჩანს, გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებთ...

- ასეა, როცა რაიმე იყო გადასაწყვეტი, ძალიან ბევრს არ ვფიქრობდი. მერე გავთხოვდი, თუმცა, მეუღლესთან ურთიერთობა არ ამეწყო და დავშორდი... შემდეგ მეორე მეუღლე გავიცანი და შვილი შეგვეძინა. რაც თავი მახსოვს, სულ აქტიური ვარ – მუდამ რაღაცას უნდა ვაკეთებდე, შეიძლება ითქვას, არანაირი სამსახური არ მეთაკილება. მაშინ, როცა ენა არ ვიცოდი, გერმანიაში პურის ცხობა დავიწყე. ენის შესწავლის შემდეგ კი  სერიოზულ ფირმაში დავიწყე მუშაობა, სადაც მანეკენების მოდელირება მევალებოდა. როცა გერმანული უკეთ ვისწავლე, არქიტექტურულ ჯგუფში დავიწყე მუშაობა, სერიოზულ კონტრაქტებს ვადგენდი. მაგ პერიოდში შემეძინა პატარა ლიო ვედმანი, რომლის გამო სამი წელი სახლში ჩავჯექი...

ანუკა გვალიას იმპროვიზაციები და ორიგინალური მანერით შესრულებული ქართული სიმღერები

- თქვენი სიმღერების ჩაწერა როდის დაიწყეთ, რომელთა წყალობით სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდით?

- სიმღერების ჩაწერა მაშინ დავიწყე, როცა ბავშვს ეძინა და საქმე აღარაფერი მქონდა. გადმოვიწერე ერთი ინტერნეტ-პროგრამა და ჩემთვის დავიწყე ჩაწერა. ყველა სიმღერას იმპროვიზაციით ვასრულებ, ანუ ისე, როგორც მე მომწონს, ამიტომ მათში ბევრ რამეს ვცვლი. ერთ საღამოს ეს სიმღერები ჩემი ახლობლებისთვის ავტვირთე სოციალურ ქსელში. დილით მას 120 გაზიარება ჰქონდა. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ჩემმა სიმღერებმა მაშინ გამოიწვია, როცა ისინი მომღერალმა ლაშა ღლონტმა გაიზიარა. ეს იყო  ფოსტალიონის სიმღერა კინოფილმიდან „დღე პირველი დღე უკანასკნელი“. ამის შემდეგ შემომთავაზეს, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი და მუსიკალურ პროექტებში მიმეღო მონაწილეობა.

- როგორც ჩანს, არ დათანხმდით...

- არა, რადგან საკუთარ თავს არასოდეს ვთვლიდი მომღერლად ან მსახიობად. ეგ კი არა, ჟურნალისტადაც არ ვთვლიდი. თუმცა, როცა ხალხისგან ასეთ სითბოს და შექებას იღებ, სტიმული გეძლევა. ეს ჩემი პოზიტივიც, ალბათ, უფრო აშკარა ხდება, რადგან გაბრაზებული არასოდეს ვარ. გულისტკივილს მარტივად ვივიწყებ. ზოგადად ხომ ასეა, თუ გულში ბოღმას არ ატარებ და ცდილობ ცუდ ენერგიას დადებითი ემოცია დაუპირისპირო, აუცილებლად აისხლეტ მას, სიყვარულის სანაცვლოდ კი უკან იგივე სიყვარული დაგიბრუნდება.

- გერმანიამ კარგად მიგიღოთ?

- გერმანიამ ისე მიმიღო, როგორც საკუთარი შვილი და მეც ისევე მივიღე, როგორ ჩემი ოჯახი. დღეს ორივე ქვეყანა – საქართველო და გერმანია, ჩემი სამშობლოა... გერმანიამ რადიკალურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ. თუ მანამდე ვიყავი თბილისელი გოგო, რომელიც სლენგით საუბრობდა და მხოლოდ ბრენდებს აქცევდა ყურადღებას, ახლა ასეთი მომენტები აღარ მაქვს. დღეს უფრო პრაქტიკული გავხდი, რაღაც თვალსაზრისით უფრო გერმანელიც. აქ მარტო ვარ და ამ მარტოობაში საკუთარ თავს ვეძებ...

ანუკა გვალიას იმპროვიზაციები და ორიგინალური მანერით შესრულებული ქართული სიმღერები

- მერე, იპოვეთ?

- მგონი, ვიპოვე... რადგან დღეს ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. იცით, რაზე ვოცნებობ? როცა აღარ ვიქნები, ჩემი სახელი დავტოვო, სულ მცირე რამით მაინც, რათა ჩემმა შვილებმა იამაყონ. საქართველოში ყველა მენატრება. ვოცნებობ ყველა ჩანაფიქრი ავისრულო. მწამს სიკეთის და მჯერა, რომ ერთ დღესაც ადამიანს ყველაფერი უკან დაუბრუნდება... ყველა სიმღერა, რასაც ვმღერი, ჩემს თბილისთანაა დაკავშირებული. თბილისს იმდენი სითბო აქვს, რომ მას ყველას უნაწილებს. ის არასოდეს ატარებდა გულში ბოღმას, დღესაც ასეა და არავინ გაბედოს და ეს ურთიერთობები არ გააუფასუროს!..