თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველომ რუსეთთან დაკავშირებით ახალი ნაბიჯები უნდა გადადგას, თუმცა ეს არ ნიშნავს დათმობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან აღარ არსებობს. საქართველომ ის მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გაწყვიტა.
„ჩვენ, ალბათ, გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და რუსეთთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ გაიგოს: ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მით უმეტეს – გარიგებას. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და წინსვლას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების შეფასებისას რამდენჯერმე ახსენა ტერმინი "რუსული ოკუპაცია".
„თუ რუსეთი ოკუპაციას იმისთვის იყენებს, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული. თუ მისი მიზანია საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია. მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას და დეოკუპაციას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა მანამდეც არაერთხელ აღნიშნა რუსეთთან დიალოგის ფორმატის ცვლილების აუცილებლობის შესახებ. ადრე მან ჟენევის ფორმატი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მაშინ, როცა დიპლომატიის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, ჟენევის ფორმატი ტექნიკურ შეხვედრებად გადაიქცა.
დღეისათვის ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის სენატორ გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.