„შთამბეჭდავი იყო“ – რისთვის გადაუხადა საქართველოს პრემიერმა მადლობა ფაშინიანს

სომხეთის მთავრობის მეთაური ორი დღის განმავლობაში თბილისში ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრს განიხილავს.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველო და სომხეთი ურთიერთობების ყველა მიმართულებით გაღრმავებისკენ ისწრაფვიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე თბილისში, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

სამშაბათს დაიწყო სომხეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ხელმღვანელობით.

„ჩვენ მთავრობების დონეზე ყოველდღიურად ვმუშაობთ საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით, რომ მაღალი დონის შეხვედრები არის ის საფუძველი, რომელიც მთავრობებს სამინისტროების დონეზე ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს“, – განაცხადა გახარიამ.

მან გაიხსენა ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც შთამბეჭდავი და ეფექტური იყო. ამისთვის მან სომხეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა

გახარიას განცხადებით, თბილისში სამუშაო რეჟიმში განიხილავენ მისი ვიზიტის შედეგებს. ის დარწმუნებულია, რომ ფაშინიანის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის შედეგიანი იქნება.

„ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენს მთავრობებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არის საფუძველი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე და შემდგომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებაზე, განათლებაზე და ყველა იმ სფეროზე, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ“, – განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებების მიზანია კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ყველა იმ სფეროში, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას.

„მნიშვნელოვანი და ეფექტური“ – სომხეთის პრემიერმა გახარიასთან მოლაპარაკებები შეაფასა>>

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გეგმის განსახორციელებლად დღეს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

სომხეთის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პრემიერ ფაშინიანის ხელმძღვანელობით 2018 წლის მაისში გაიმართა. იმავე წლის სექტემბერში ერევანში ვიზიტით ჩავიდა საქართველოს დელეგაცია პრემიერ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. 2019 წლის ოქტომბერში სომხეთს გიორგი გახარია ეწვია.