კორონავირუსთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავა

ორი უმაღლესი სასწავლებელი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და თსუ მზად არიან, სტუდენტებს არა აუდიტორიაში, არამედ ვირტუალურად ეკონტაქტონ.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებით სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადასვლის მზადყოფნას გამოთქვამს, ნათქვამია სასწავლებლების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის საქართველოს სკოლებში დეზინფექცია ტარდება>>

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა მზადყოფნა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის თაობაზე.

„ვითვალისწინებთ, რომ სტუდენტებისთვის დისკომფორტის შემქმნელია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების რისკი, არამედ აკადემიური კალენდრის ზაფხულის ცხელ თვეებში გადანაცვლების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების დადგომისთანავე ავამოქმედოთ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განცხადებაში.

ანალოგიური მზადყოფნა გამოთქვამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის განცხადებით, უნივერსიტეტს სწავლების სტანდარტული პროცესის დისტანციური სწავლებით ჩანაცვლების ტექნიკური შესაძლებლობა აქვს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში სპეციალური კარვები დადგეს

„ამისთვის ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ სისტემას და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროვაიდერებთან სხვა სიახლეების დანერგვის მიზნით. ამ ეტაპზე ჩვენ სპეციალური პროგრამა გვაქვს, რომელიც მრავალი წელია ფუნქციონირებს და ლექტორებს და სტუდენტებს შეუძლიათ როგორც აუდიო- და ვიდეოფაილების, ისე სხვადასხვა სასწავლო კონტენტის შემცველი ტექსტური ვერსიების გაცვლა-გაზიარება“, – განაცხადა საღინაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ 16 მარტის შემდეგ ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდება და აუცილებელი არ გახდება დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. თუმცა, უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ღირსეულად შეხვდეს ამ გამოწვევას.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება>>

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.