შსს-ს მრავალშვილიან თანამშრომელ ქალებს დედის დღე მიულოცეს

ერთ-ერთი ასეთი მრავალშვილიანი დედაა ელისო ანსიანი. მას ცხრა შვილი ჰყავს, მაგრამ დიდი ოჯახის მიუხედავად, ის აგრძელებს მუშაობას
Sputnik

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალკაში შს ორგანოების თანამშრომელი, ცხრა შვილის დედა ელისო ანსიანი მოინახულა და მას დედის დღე მიულოცა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო >>

შსს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ზრუნავს თავის მრავალშვილიან თანამშრომლებზე. მათთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატებია გათვალისწინებული.

„გილოცავთ, ელისო, დედის დღეს. თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთადერთი 9-შვილიანი დედა ბრძანდებით. ასევე, გვყავს ორი 8-შვილიანი დედა. 9 შვილი - ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. მინდა, გისურვოთ ბევრი სიხარული, ბევრი წარმატება თქვენ, თქვენს შვილებს და მთლიანად თქვენს ოჯახს“, - მიმართა ვახტანგ გომელაურმა მრავალშვილიან დედას.

შინაგან საქმეთა მინისტრი: მოზარდებს ვიდეოკამერების წინ გამოკითხავენ

მინისტრმა მრავალშვილიან თანამშრომელს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა საჩუქრები გადასცა, მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ელისო ანსიანი შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში 2017 წლიდან მუშაობს. მისი უფროსი შვილი თინათინი 23 წლისაა, უმცროსი მარკოზი - ექვსი წლისაა.

„ძალიან ემოციური დღე იყო დღეს ჩემთვის. მინისტრი ჩამოვიდა, პირადად, რომ დედის დღე მოელოცა, ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად... ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას“, - განაცხადა ელისო ანსიანმა.

უწყებაში მომუშავე მრავალშვილიან დედებს 3 მარტი შს მინისტრის სახელით მისმა მოადგილეებმა მიულოცეს. რვა შვილის დედებს, ზეინაბ ტალახაძეს და შორენა თოფურიას სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.