დეპუტატებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ - პარლამენტის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა

სკოლების, საბავშვო ბაღების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სადგურებისა და დაწესებულებების შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეზინფიცირების ჯერი დადგა
Sputnik

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარებით დაამუშავეს, აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის საქართველოს სკოლებში დეზინფექცია ტარდება >>

შენობის შესასვლელსა და ხალხის თავშეყრის ადგილებთან დააყენეს დოზატორები სადეზინფექციო ხსნარებით.

პერიოდულად დამუშავდება კედლებისა და იმ ნივთების ზედაპირები, რომლებსაც ადამიანები შედარებით ხშირად ეხებიან.

სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო სერვისების, სარკინიგზო სადგურებისა და მატარებლების დეზინფიცირების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევიდან მხოლოდ 3 დადასტურდა

ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზი საქართველოში სამ ადამიანს დაუსვეს. ორი მათგანი ირანიდან ჩამოვიდა, ერთი - იტალიიდან.

საქართველოს ხელისუფლებამ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორი კვირით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გაზაფხულის არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან გამოცხადდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებში დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მას შემდეგ გასცა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მასობრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებების გადადების რეკომენდაცია გასცა.

2 მარტის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით დაავადების 87 161 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობამ 80 026 ადამიანს მიაღწია, მათგან 2 912 გარდაიცვალა, 44 462 გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა.