თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს შესახებ: ეს არ არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მართალია კლინიკის  შენობა კარგ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მომსახურება უმაღლეს დონეზეა.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალ შენობას შეჰპირდა, განუცხადა კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

„ახლა გვაქვს მიღებული უკვე კატეგორიული გარანტია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასგან. ის შეგვპირდა, რომ სახელმწიფო შეიძენს უმოკლეს ვადებში, ერთ-ორ თვეში დიღომში, ე.წ. სამედიცინო ინოვაციების ცენტრი ჰქვია, 11-სართულიან შენობას, რომელიც ააშენა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ. ამას იყიდის სახელმწიფო და გადმოგვცემს. ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტა ამ საკითხის და მომავალში მარტო კარგ სერვისებზე და მარტო კვალიფიკაციაზე არ გვექნება საუბარი, ფიზიკური პირობებიც ექნებათ პაციენტებს კარგი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჩინელი ექიმები ქართველ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის რომ შენობის მდგომარეობა და მისი შიდა დიზაინი,  კარგ მდგომარეობაში არ არის, ეს ფაქტია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამის განზოგადება მომსახურებასა და სერვისებზე.

„მომსახურება, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც დირექტორი, არის უმაღლეს დონეზე, სერვისები არის უმაღლეს დონეზე, სტაფი არის უგამოცდილესი და ინფექციებთან ბრძოლაში გამობრძმედილი. ამიტომ გავმიჯნოთ - შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, ეს არ არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, სამაგიეროდ მომსახურება და კვალიფიკაცია არის მაღალი", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე  საავადმყოფოში ადამიანისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები შექმნილია.

„ადმინისტრაციის შენობის სახურავი გადახადეს და სახურავ გადახდილ შენობაში მუშაობს ჩვენი ადმინისტრაცია. წვიმის დროს ჩამოდის წყალი. რაც შეეხება ბოქსირებულს, გადახურულია, შიგნით კედლები რომ ნახოთ, იატაკი, კაფელი არის დაცვენილი. ჰიგიენური ნორმები არის, პირადი ჰიგიენის ნივთები აქვთ პერსონალს. წყალი აქვთ, საპირფარეშო ყველა ბოქსს თავისი აქვს. ადამიანისთვის აუცილებელი მინიმუმის საშუალება არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„ჩვენ ეპიდემიისგან შორს ვართ“ - იაშვილის კლინიკის დირექტორი

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 19 პაციენტი იმყოფება, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ.

გამომდინარე იქიდან, რომ რვა პაციენტს, რომელთა ანალიზის პასუხები უკვე ცნობილია, არ დაუდგინდათ არც კორონავირუსი და არც А ან В ტიპის გრიპი, მათ საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

რაც შეეხება დანარჩენ რვა პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათი ანალიზის პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევიდან მხოლოდ 3 დადასტურდა >>

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც იტალიაში ან ირანში იმყოფებოდნენ.

ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 89 074 კაცს შეადგენს, აქედან ჩინეთზე 80 026 ინფიცირებული მოდის. გარდაიცვალა 3048 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 45 110 პაციენტი.