„თბილისი ენერჯი“ კორონავირუსის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის მომსახურების ცენტრებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს
Sputnik

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის - ახლა აბონენტების მომსახურება დისტანციურად განხორციელდება, განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.

ამჟამად მომსახურების მისაღებად კომპანიის სერვისცენტრში პირადად გამოცხადება აუცილებელი აღრ იქნება. მთელი აუცილებელი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ცხელი ხაზით - 2 40 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურში - 114.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მომსახურების მისაღებად საჭირო არ იქნება მომსახურების ცენტრში მისვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

რკინიგზის სადგურებს და სახელმწიფო უწყებებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ

გარდა ამისა, „თბილისი ენერჯი“ აცხადებს, რომ მომსახურების ცენტრებში ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, კომპანია ყველა აუცილებელ ზომას მიმართავს, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდანაა რეკომენდებული.

2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდგინდა - ორ მამაკაცს, რომლებიც ირანიდან ჩამოვიდნენ, და ერთ ქალს, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა.

საქართველოს ხელისუფლებამ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორი კვირით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გაზაფხულის არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან გამოცხადდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებში დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მას შემდეგ გასცა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მასობრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებების გადადების რეკომენდაცია გასცა.