თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ჩინელი ექიმები ვიდეოკონფერენციის საშუალებით ქართველ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული - ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჩინეთის ელჩ ლი ანთან გამართა შეხვედრა და ჩინური მხარის მიერ გაცემული რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მიმოვიხილეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში ვითარდებოდა. ვისაუბრეთ კორონავირუსის გამოსავლებზე და ასევე შევთანხმდით გარკვეულ სტრატეგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა დღეს ჩვენს შორის, ხვალ გაიმართება ვიდეოკონფერენცია, სადაც ჩინელი ექიმები ქართველ სამედიცინო პერსონალს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს, რა თქმა უნდა, იქნება პრევენციული ხასიათის. ჩინელი მედპერსონალი იქნება მუდმივ ხაზზე, თუ ქართველ ექიმებს გარკვეული კითხვები ექნებათ ვირუსთან ბრძოლის შემთხვევაში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
2 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 87 161 ადამიანს მიაღწია. მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 80 026-ს მიაღწია, მათგან 2 912 გარდაიცვალა, 44 462 - გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა.
გასულ დღე-ღამეში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 1 160 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 7 169-ს მიაღწია. ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 58 ქვეყანაში დაფიქსირდა. ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 104-ს (18 დღე-ღამეში).