ილია მეორე: ხილვა მქონდა - ადამიანი გაიმარჯვებს კორონავირუსზე

საქართველოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას კორონავირუსის საფრთხეზეც ისაუბრა, მან მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა.
Sputnik

 

თბილისი, 2 მარტი — Sputnik.  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ  ჰქონდა ხილვა და რომ ადამიანი კორონავირუსს დაამარცხებს. 

კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის საქართველოს სკოლებში დეზინფექცია ტარდება

„მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე“, - განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა  კორონავირუსის საფრთხეზეც ისაუბრა და მრევლს მოუწოდა არ შეშინდნენ, რადგანაც ადამიანი ამ განსაცდელს გაუმკლავდება.

„რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ, სად შავია და სად თეთრია. 
ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა? ღვთისაგანაა თუ ბოროტისგანაა, ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით, ღვთის ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქართული ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს გაწეული შრომისთვის.

 „დაე, უფალმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, - განაცხადა პატრიარქმა.

2 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა  რიცხვმა 87 161 ადამიანს მიაღწია. მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 80 026-ს მიაღწია, მათგან 2 912 გარდაიცვალა, 44 462 - გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა. 

კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება

ბოლო 24 საათში მთელ ქვეყანაში  202  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საავადმყოფოდან გამოეწერა 2 837 ადამიანი, დაიღუპა 42 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში ჩინეთის ფარგლებს გარეთ  კორონავირუსის  1 160 შემთხვევა  დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 7 169-ს მიაღწია.  ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 58 ქვეყანაში დაფიქსირდა. ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 104-ს (18  დღე-ღამეში).

2 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს აქვს გამოვლენილი - ირანში მყოფ ორ მამაკაცს, ასევე ახალგაზრდა ქალს, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.