მსოფლიო დღეს

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დღეიდან ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. გერმანიაში 1 მარტს ამოქმედებული კანონის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლება ეძლევათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ისრაელი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესს დააჩქარებს

კერძოდ,  კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან შესაძლებლობა ექნება,  გერმანიაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე 6 თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისთვის, საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.

მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს გერმანიაში, ასევე სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი და დროებითი საცხოვრებელი.

არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში კი, მესამე ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება 24-თვიანი ვიზის აღება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ახალი კანონი მსურველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს, ამისათვის პრეტენდენტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე).

თუ დანიაში დასაქმება გადაწყვიტეთ: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

რას შეეხება იმ პირებს, ვისაც გერმანიაში კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ მიიღონ ოთხწლიანი ვიზა ან იმ ხანგრძლივობის, რაც მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, დასაქმებულს ბინადრობის მიღების უფლება ექნება.

ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა. როგორც მაშინ მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.