საქართველოში კორონავირუსით დაავადების მესამე შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის ვირუსი COVID-2019 დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან არის ჩამოსული.
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით დაავადების მესამე შემთხვევა გამოვლინდა, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსი საქართველოში: ინფიცირებულია „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი >>

კორონავირუსი ირანში ნამყოფ საქართველოს მოქალაქეს გამოუვლინდა.

„დღეს, დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აუღეს ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ექიმების დაკვირვების ქვეშ კორონავირუსით ინფიცირების ეჭვით 93 ადამიანი იმყოფება.

„ჩვენ გვქონდა 93 შესაძლო შემთხვევა. ეს ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კვლევისა და დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსი მსოფლიოს უტევს: ბოლო მონაცემები

ამ მომენტამდე საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევა ფიქსირდებოდა. პირველი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში, ხოლო მეორე იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში წასვლისგან. მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.