კორონავირუსის საფრთხე: საქართველოში კარანტინზე 170 ადამიანი იმყოფება

სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ინფიცირების სიმპტომების მქონე ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ კორონავირუსზე ეჭვით 170 ადამიანი იმყოფება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კორონავირუსი საქართველოში: სკოლებში ვადამდელი არდადეგები დაიწყო >>

კარანტინში იმყოფებიან ის პირები, ვინც უცხოეთიდან არის ჩამოსული და დაავადების სიმპტომები უფიქსირდებათ, ასევე ისინი, ვისაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა და უცხოეთიდან არის ჩამოსული.

სკოლებში ვადამდელი არდადეგები დაიწყო. ყველა სასწავლო დაწესებულებაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დეზინფექცია ჩატარდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, თავი შეიკავონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ირანსა და იტალიაში წასვლისგან. მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.