ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება: სუსი განცხადებას ავრცელებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 210 500 ლარი მოსთხოვეს
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია  ქრთამის აღების ფაქტზე და ერთი მოქალაქე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთის ყოფილი მერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

არსებული ინფორმაციით, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 ათასი ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 ათასი ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ,  ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8 ათასი ლარი გამოართვა.

აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ.-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).