საქართველოს უნივერსიტეტების ბაღებში საკურა აყვავდება

სულ მალე თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები გაზაფხულობით აყვავებული საკურას სილამაზითა და სურნელით დატკბებიან
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. იაპონიის საელჩომ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად საკურას ნერგები გადასცა, აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

იაპონური გაზაფხული თბილისში: ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურა დარგეს

რამდენიმე ნერგი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან და თსუ-ს რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან ერთად დარგო.

მიხეილ ჩხენკელმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს და იმედი გამოთქვა, რომ აყვავებული საკურა საქართველო-იაპონიის მეგობრობის სიმბოლოდ იქცევა.

იაპონიის საელჩომ თბილისს საჩუქრად 100-ზე მეტი ძირი საკურა უკვე გადასცა, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში დაირგო.

აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მებაღეებმა თბილისისთვის საკურას გამორჩეულად მოყვავილე ფორმა შეარჩიეს.

იაპონიის ელჩის თქმით, საკურას დარგვის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა. მან აღნიშნა, რომ თბილისში საკურა რამდენიმე წელიწადში აყვავდება.