თბილისის მერიამ პროფესიული გადამზადების პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა

პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში დაახლოებით ორი ათასმა ადამიანმა მიიღო პროფესიული განათლება, მათგან 70%-მა დასაქმება შეძლო.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. 2020 წელს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ბიუჯეტი 330 ათასი ლარი იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის განცხადებით, პროფესიული გადამზადების პროგრამა ოთხი სახელმწიფიო პროფესიული კოლეჯის ბაზაზე განხორციელდება და პირველ ეტაპზე მასში 1,1 ათასი ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა. ორი წლის განმავლობაში დაახლოებით ორი ათასმა ადამიანმა მიიღო პროფესიული განათლება, მათგან 70%-მა დასაქმება შეძლო.

თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება

„2020 წელს აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი, პრაქტიკულად, გავაორმაგეთ და მან 330 ათასი ლარი შეადგინა. პროგრამა კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოკლევადიან კურსებს მოიცავს, რომლებიც დაფუძნებულია როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებზე და იგი სერტიფიცირებულია", - განაცხადა კალაძემ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება მარტში დაიწყება.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება. ამ სფეროში მთავრობა რიგი არსებითი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

დაინერგება იმ მოქალაქეების გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაამთავრეს საშუალო სკოლა, მაგრამ სურთ პროფესიული განათლების მიღება. ამისთვის შრომით ბაზარზე ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.

ასევე დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ყველა ცვლილება, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში განხორციელდება, კერძო სექტორის ჩართულობით იქნება რეალიზებული.