თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ირაკლი კვირიკაძის მეუღლემ, რეჟისორმა და მხატვარმა ტომა სტენკომ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები". სურათის სატელევიზიო პრემიერა რუსეთში გაიმართება.
სტენკომ თავისი დოკუმენტური ფილმი ირაკლი კვირიკაძის ცხოვრებისა და შემოქმედებით გზას მიუძღვნა.
„ირაკლი კვირიკაძე გამოჩენილი, მსოფლიოში აღიარებული სცენარისტი და რეჟისორია. ის ოთხმოცს გადასცდა, მაგრამ ახალგაზრდის ცხოვრებით ცხოვრობს: მოგზაურობს, ზრდის სკოლამდელი ასაკის ვაჟს და შემოქმედებაში ეხმარება ცოლს – მხატვარსა და რეჟისორს ტომა სტენკოს. დროის დიდ ნაწილს ოჯახი გოაზე ატარებს, და სწორედ იქ ირაკლიმ, შესანიშნავმა მთხრობელმა, იპოვა დრო, რომ თავისი ცხოვრების საოცარი ისტორიები მოეთხრო", – ნათქვამია კინოჩვენების ანონსში.
ფილმის პრემიერა გაიმართება 1 მარტს, 19:00 საათზე ტელეარხზე Россия-Культура.
ტომა სტენკო რუსი რეჟისორი, მხატვარი და დიზაინერია. დაიბადა საქართველოში. დაამთავრა ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი.
„კივილი" ბათუმში: კინომოყვარულებს ირაკლი კვირიკაძის მეუღლის ფილმის პრემიერა ელოდებათ>>
სტენკო მუშაობდა დოკუმენტურ ფილმებზე: Блуждание по Берлину, Телескоп, Карусель его жизни და სხვ. 2019 წელს ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე BIAFF გაიმართა მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის Крик პრემიერა.