უამინდობამ გზებზე პრობლემები შექმნა

როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა – თოვლმა, ლიპყინულმა და ქარბუქმა საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ზემო ლარსი დღეს: გზაზე შეზღუდვები მოქმედებს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის გომი–კოლბოულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტეოროლოგიური პირობების გამო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვები მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-62 კმ მონაკვეთზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.