COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრები სხვა მატარებლით გაამგზავრეს

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, მათ დამატებით კვლევებს მაინც ჩაუტარებენ
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც თბილისი-ბათუმის სარკინიგზო რეისზე იმყოფებოდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

თბილისი-ბათუმის მატარებელი სადგურშია გაჩერებული: ექიმები ორ ჩინელ მგზავრს ამოწმებენ

საქმე ის არის, რომ რეისის მგზავრებმა ჩინელ ტურისტებს გაციების ნიშნები შეამჩნიეს და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას აცნობეს. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, ჩინელებს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა მათ დამატებით გამოკვლევებს მაინც ჩაუტარებენ. უსაფრთხოების მიზნით, დანარჩენი მგზავრები ბათუმში სხვა მატარებლით გაამგზავრეს.

„მგზავრებისთვის გამოვიყვანეთ ახალი მატარებელი და ამ მატარებლით ოდნავ დაგვიანებით შევთავაზეთ მათ მგზავრობა. რეისი შესრულდა. ეს ხალხი მგზავრობს სრულიად უსაფრთხოდ. რაც შეეხება ამ ხალხს, მოხდება შესაბამისი დაკვირვება. ნაკლები რისკის შემცველი სიმპტომები იყო, თუ არ ვცდები“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ პირველი არხის ეთერით.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა - COVID-2019.

ჩინეთში კორონავირუსი უკან იხევს? ქვეყნდება ბოლო მონაცემები

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 77150 ადამიანს მიაღწია, აქედან 2592 გარდაიცვალა, 24734 გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.

საქართველოში ამ დროისთვის დაავადების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. კვირას ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ვირუსი ასევე არ აღმოაჩნდა გასულ კვირას ჩინეთიდან ევაკუირებულ 34 საქართველოს მოქალაქეს.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. აეროპორტებსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.