თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. იტალიის ჩრდილოეთი ოლქის ლომბარდიის მოსახლეობამ, სადაც გასული კვირის ბოლოს ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა, სუპერმარკეტები დააცარიელა.
თვითმხილველების თქმით, მილანის სუპერმარკეტებსა და კვების პროდუქტების სხვა მაღაზიებში კვირას გვიან ღამემდე იდგა რიგები. მოსახლეობა დიდი რაოდენობით პროდუქციას იძენდა.
„ასეთი რამ ჩვენთან მხოლოდ შობის წინ შეინიშნება. მაღაზიები ხალხითაა სავსე. ყველა რაღაცას ყიდულობს, გატენილი ურიკებით გადიან“, — განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას 55 წლის ჯაკომომ.
მისი თქმით, ხალხი იმარაგებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ხანგრძლივად ინახება: მაკარონს, კონსერვებს, სხვადასხვა სახის შაშხეულს; ამის გამო საღამოსთვის ბევრი მაღაზია პრაქტიკულად დაცარიელდა. მიუხედავად ამისა, ჯაკომოს თქმით, პანიკაზე საუბარი ჯერ მაინც ნაადრევია: ადამიანები უბრალოდ თადარიგს იჭერენ.
მილანელი მამაკაცი განმარტავს, რომ კადონიოსა (ქალაქი, სადაც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა) და რამდენიმე მეზობელ დასახლებულ პუნქტში ამ დროისათვის წარმოება და კომერციული საქმიანობა დროებით მთლიანად შეწყვეტილია.
„უცბად გაირკვა, რომ ბევრი ადგილობრივი მაღაზიაც დაიკეტა, მათ შორის, საქონლის მოუწოდებლობის გამო. და ადამიანებმა გადაწყვიტეს, პროდუქტები მოემარაგებიათ იმ შემთხვევისთვის, თუ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება გამწვავდება“, — აღნიშნა ჯაკომომ.
კიდევ ერთმა მილანელმა, სახელად კრისტიანამ სააგენტოსთან საუბრისას თქვა, რომ ინტერნეტით კვების პროდუქტებზე შეკვეთები მეორე დღემდე იგვიანებს.
„ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. როგორც წესი, პროდუქტები შეკვეთიდან რამდენიმე საათში მოაქვთ ხოლმე“, — განაცხადა მან.
ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა ჩრდილოეთ იტალიის ბევრ ქალაქში.
ლომბარდიის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ მოუწოდა თანამემამულეებს, არ აჰყვნენ პანიკას და „იცხოვრონ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ცხოვრობდნენ“. მისი თქმით, პროდუქტების მომარაგებას აზრი არ აქვს, მაღაზიები პროდუქციით უზრუნველყოფილი იქნება.
ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კორონავირუსმა საქართველოში არ შემოაღწიოს>>
თავის მხრივ, შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა კვების პროდუქტების მიმწოდებელი კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა დონატელა პრამპოლინიმაც. მისი თქმით, გასულ უქმეებზე ბევრი სუპერმარკეტი მოულოდნელად აღმოჩნდა მყიდველების ალყაში.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ორშაბათის დილისთვის 215 შეადგინა. აქედან ოთხი ხანში შესული ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ლომბარდიასა და ვენეტოში. იტალიის ჩრდილოეთში ექვსი რეგიონის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მინიმუმ ერთი კვირით დაკეტოს სკოლები და უნივერსიტეტები. ლომბარდიასა და ვენეტოში დღეიდან იკრძალება ყოველგვარი საჯარო ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, რელიგიური, კულტურული და სპორტული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რომელიც ონლაინ-რუკაზეაღნიშნავს ყველა მონაცემს მსოფლიოს მასშტაბით, დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 79 524 ადამიანი შეადგინა. აქედან სულ 77 150 კაცი დაავადდა მატერიკულ ჩინეთში, საიდანაც ამ ეტაპზე ავადაა 49 824 ადამიანი. მათ შორის, 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.