10 საფლავის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ბრალდებულებმა საფლავების მესრების ლითონის დეტალები მოიპარეს, რომლებიც შემდეგ სენაკსა და ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით 21-21 წლის ორი ახალგაზრდა დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით ძმები დააკავეს: შსს ვიდეოს ავრცელებს

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სოფლებში ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაქურდეს.

„ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს", – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება სსკ-ის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს და სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.