„უნდა ადგე და წახვიდე“, ანუ როდის ღლით მას სიყვარულით და ხდებით ურთიერთობაზე დამოკიდებული

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი – ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე საუბრობს თანადამოკიდებულებაზე, როგორც „ურთიერთობაზე დამოკიდებულ“ ადამიანებზე.
Sputnik

თანადამოკიდებულია ადამიანი, რომელსაც აქვს დისფუნქციური, ცალმხრივი ურთიერთობა მეორე ადამიანთან, როდესაც ის მთლიანად დამოკიდებულია მეორეზე ყველა ემოციური თუ პირადი საჭიროების თვალსაზრისით. თანადამოკიდებულება ჩნდება, ადამიანებს შორის სხვადასხვა ტიპის ურთიერთობების დროს. ეს შესაძლოა იყოს მეგობრული, წყვილის ან ოჯახური ურთიერთობები.

ეს არის ქცევითი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის ადამიანს, ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა, სადაც ორივე მხარე კმაყოფილია. ის ასევე ცნობილია, როგორც „ურთიერთობაზე დამოკიდებულება“, რადგან თანადამოკიდებულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ხშირად აყალიბებენ ან ინარჩუნებენ ურთიერთობას, რომელიც არის ცალმხრივი, ემოციურად დამანგრეველი და/ან ძალადობრივი. 

თანადამოკიდებულება ხშირად მოიცავს ემოციურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, როდესაც ადამიანის წარსულში არსებობს  ტრავმული გამოცდილებები მოძალადე, ალკოჰოლდამოკიდებული ან ნარკოდამოკიდებული ოჯახის წევრი. ხშირად ასეთ ადამიანებს   პრობლემები ჰქონიათ მშობლებთან ურთიერთობისას, ბავშვობაში ან თინეიჯერობის პერიოდში, როდესაც თავს ნაკლებ მნიშვნელოვნად ან სრულიად უმნიშვნელოდ გრძნობდნენ.

„უნდა ადგე და წახვიდე“, ანუ როდის ღლით მას სიყვარულით და ხდებით ურთიერთობაზე დამოკიდებული

რა სხვაობაა დამოკიდებულებასა და თანადამოკიდებულებას შორის?

ურთიერთობების დროს ბუნებრივია, როდესაც ჩნდება გარკვეული ტიპის დამოკიდებულება ორ ადამიანს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივ დამოკიდებულების დროს ადამიანებს აქვთ ემოციური კავშირი, ერთმანეთისადმი  გამოხატავენ სიყვარულსა და მხარდაჭერას.  ურთიერთობა ორივე მხარისათვის ღირებული და პრიორიტეტულია, თუმცა მათ აქვთ სხვა ინტერესები და მისწრაფებები, ჰყავთ მეგობრები. ორივე მხარე გამოხატავს ემოციებს, სურვილებს და ეძებენ გზებს, რომ ურთიერთობა ორივესთვის სასარგებლო გახდეს. ამ ტიპის დამოკიდებულების დროს ურთიერთობაში პასუხისმგებლობები თანაბრად ნაწილდება.

თანადამოკიდებულების დროს, პიროვნებას განცდა აქვს, რომ ის არ სჭირდებათ, თავს გრძნობს არასასურველად, ნაკლებ ღირებულად. იგი მზად არის შეასრულოს მეორე მხარის ნებისმიერი სურვილი; ბედნიერია,  როცა უწევს ძლიერი მსხვერპლის გაღება პარტნიორისთვის, რომელიც ხშირად შესაძლოა დაუფასებელი იყოს მეორე მხარის მიერ. თანადამოკიდებულების დროს ადამიანისათვის  მნიშვნელოვანია  გრძნობდეს თავის  საჭიროებასა და აუცილებლობას სხვის ცხოვრებაში.  თანადამოკიდებულების დროს არ არსებობს არანაირი პიროვნული სურვილები და ინტერესები გარდა ამ ურთიერთობისა. ერთი მხრივ,  გრძნობს, რომ მისი გრძნობები არ არის მნიშვნელოვანი და არ უნდა გამოხატოს, შესაბამისად ვერ ხედავს მათ და რთულად აცნობიერებს ან საერთოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ გრძნობებსა და სურვილებს.  

მსგავსი ტიპის თავგანწირვა აზიანებს როგორც ზოგადად ურთიერთობებს, ისე თვით პიროვნებას. თანადამოკიდებული ადამიანი არ ცდილობს ისწავლოს როგორ იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს თანაბარუფლებიანი, ორმხრივი ურთიერთობა პარტნიორთან, სადაც გათვალისწინებული იქნება მისი, როგორც პიროვნების სურვილები და მისწრაფებები.

„უნდა ადგე და წახვიდე“, ანუ როდის ღლით მას სიყვარულით და ხდებით ურთიერთობაზე დამოკიდებული

თანადამოკიდებული ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნები

დაბალი თვითშეფასება - ასეთ დროს პიროვნება გრძნობს, რომ  არასაკმარისად კარგია, თავს ადარებს სხვებს. თან ახლავს დანაშაულის განცდა და პერფექციონიზმი, ის თვლის, რომ თუ ყველაფერს უნაკლოდ გააკეთებს, აღარ დარჩება მიზეზი რის გამოც შესაძლოა ცუდი იყოს.

სხვებისათვის სიამოვნების მინიჭება - კარგია, როცა ადამიანს სურს სხვებს ასიამოვნოს, თუმცა თანადამოკიდებული ადამიანები ხშირად თვლიან, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ და ამის გამო ხშირად აქვთ შფოთვა. ზოგიერთისთვს რთულია უარის თქმა.  ისინი საკუთარ ინტერესებს უკანა პლანზე აყენებენ და ცდილობენ მოერგონ სხების საჭიროებებს.

სუსტი პიროვნული საზღვრები -  საზღვრები, ეს არის გარკვეული სახის წარმოსახვითი ხაზი კონკრეტული პიროვნების „მე“-ს და სხვა ადამიანის „მე“-ს  შორის. ის ყოფს საკუთარსა და სხვისას და განსაზღვრავს არა მხოლოდ სხეულებს შორის საზღვარს, არამედ ემოციებს, ფიქრებსა და საჭიროებებს. თანადამოკიდებულ ადამიანებს ხშირად სუსტი პირადი საზღვრები აქვთ და  ამის ფონზე ისინი პასუხისმგებლობას იღებენ სხვა ადამიანების ქცევებზე, გრძნობებსა და პრობლემებზე.

რეაქტიულობა - სუსტი საზღვრების შედეგი ხშირად ისაა რომ, ადამიანი რეაგირებს სხვა ადმაინების ფიქრებსა და გრძნობებზე.  პიროვნება განსხვავებულ აზრზე მძაფრად რეაგირებს. იგი ცდილობს საკუთარი აზრი შეცვალოს და დაეთანხმოს მეორე მხარეს. ის თითქოს იწოვს მის სიტყვებს, რადგან არ არსებობს მკვეთრად გამოყოფილი პიროვნული საზღვრები. ასეთ დროს მას უჭირს მეორე ადამიანის სიტყვების, აზრის,  შეხედულების აღქმა და ცდილობს დაეთანხმოს და მიიღოს ის უპირობოდ, საკუთარი აზრის უგულებელყოფის ხარჯზე.

გარშემომყოფებზე დამოკიდებულება - თანადამოკიდებულ ადამიანს სჭრიდება იგრძნოს ის, რომ სხვებს მოსწონთ. მას ეშინია უარყოფისა და გარიყვის. მუდმივად სჭირდება ურთიერთობა, მარტო თავს ცუდად გრძნობს და აქვს დეპრესიული ტენდენციები.

თანადამოკიდებული ადამიანების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი სხვაზე ზრუნვის სახელით საკუთარ თავს უგულებელყოფენ. პიროვნული ღერძი, რომელიც მოიცავს საკუთარი თავის პატივისცემას, ადეკვატურ თვითშეფასებას, საკუთარი ემოციების, გრძნობების, აზრების  გაცნობიერებას და ა.შ,  რომელიც თავად პიროვნებაში უნდა ფორმირდებოდეს, ეყრდნობოდეს და მთელი ცხოვრება ვითარდებოდეს, თანადამოკიდებული ადამიანების შემთხვევაში ფორმირდება პირადი საზღვრების გარეთ, უმეტესად კი იმ ადამიანში, რომლის მიმართაც განიცდიან თანადამოკიდებულებას. ცდილობენ მუდმივად გაიღონ მსხვერპლი, ისეთ რამისათვის, რაც რეალურად არ მოითხვოს მათგან თავგანწირვას. როგორც წესი  ასეთი ტიპის საყრდენი არამყარია და ხშირად ასეთი ადამიანი ფრუსტრირებული რჩება ურთიერთობებში. რაც მისთვის ქმნის იმის მყარ საფუძველს, რომ ის არასაკმარისად კარგია და არავის სჭირდება. ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრეა.

„უნდა ადგე და წახვიდე“, ანუ როდის ღლით მას სიყვარულით და ხდებით ურთიერთობაზე დამოკიდებული

რეკომენდაციები:

- იზრუნეთ საკუთარ სურვილებსა და პირადი შინაგანი სამყაროს განვითარებაზე, ამას თქვენ მაგივრად არავინ გააკეთებს;

- მნიშვნელოვანია საკუთარ თავს აღიქვამდეთ სხვებისგან დამოუკიდებლად მნიშვნელოვნად და სასურველად;

- არ არის აუცილებელი მსხვერპლის გაღება სხვებთან ურთიერთობისას;

- ნუ უგულებელყოფთ საკუთარ თავს, სურვილებს, ემოციებსა და პირად საზღვრებს ისინი მნიშვნელოვანია!

საკუთარი თავისათვის ყველაზე ძლიერი საყრდენი თქვენ თვითონვე ხართ! თანადამოკიდებული ადმიანებისათვის მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია. მათ მცირე ნაბიჯებით უნდა შეძლონ თანადამოკიდებული ურთიერთობიდან გამოცალკევება. მათ სჭირდებათ საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გაცნობიერება, რაშიც საჭიროებენ გარშემომყოფთა მხარდაჭერასა და წახალისებას.